logo_geo
ლევან დავითაშვილი: მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია
- +

26 იანვარი. 2019. 18:04

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დაგეგმილი ღონისძიების წინ განუცხადა, - „მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხის მართვა“

 

„ექსპო ჯორჯიაში“ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მონაწილეობით სპეციალური შეხვედრა იწყება, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართება.

 

„სუფთა ჰაერი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჯანმრთელობა და საქართველოში იყოს უსაფრთხო ცხოვრების პირობები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების და ავტოპარკის განახლების მნიშვნელობას.

 

გარდა ამისა, როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უწყვეტად, რეალურ დროში მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.

 

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი.

 

 

big_banner
არქივი