logo_geo
გოგა ხაინდრავა: აგრამუნტის განცხადებები ევროპულ ინსტიტუტებს აკნინებს!
- +

24 იანვარი. 2017. 19:31



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა გიგი უგულავა და ნადეჟდა სავჩენკო პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენია და მათ გათავისუფლებას მიესალა. აღნიშნულ განცხადებას რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან" საუბარში ეხმიანება.


ხაინდრავას შეფასებით, აგრამუნტის ეს განცხადება უპასუხისმგებლოა და აკნინებს ევროპულ ინსტიტუტებს.


„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ განცხადებებს სერიოზული ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან ვისმენთ. გიგი უგულავამ აღიარა დანაშაული. რაც შეეხება სავჩენკოს, იგი რადას ფრაქციიდანაც გარიცხეს და ევროდელეგაციიდანაც. ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ აგრამუნტი საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს უპირისპირებს პოლიტიკურ მორალს, რაც ევროპულ ინსტიტუტებს ძალიან აკნინებს და არც არის გასაკვირი, რომ ევროპაში ასეთი კრიზისია უსაფრთხოების მხრივ, ევროპული ინსტიტუტების ნდობის მხრივ. ფაქტობრივად, ევროკავშირის დაშლის საკითხი დადგა. ეს ყველაფერი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან გამომდინარეობს.

 

საქართველო პატარა ქვეყანაა და მისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სერიოზული ევროპული ინსტიტუტების შეფასება, მაგრამ აგრამუნტის ეს განცხადება აბსოლუტურად ცდება ლოგიკას, სამართალს და ქვეყნის ღირსებას შეურაცხყოფას აყენებს. ის, რომ უგულავა კრიმინალია, ამის შესახებ ქართველ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია აზრი. პედრო აგრამუნტმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს პოლიტიკურ დევნაზე, ეს ჩვენს დამოკიდებულებას არ შეცვლის. დამოკიდებულებას შეცვლის მისდამი და ევროპული ინსტიტუტებისადმი. ეს შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოში, რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში. ინგლისში უკვე შეცვალა და ამ ქვეყანამ განცალკევებით და საკუთარი ღირებულებებით ცხოვრება აირჩია. ეს არის პროცესი, რომელსაც ევროპა კრიზისამდე მიჰყავს, რაც დაუშვებელია, რადგან მხოლოდ ევროპული ერთიანობა და ერთიანი ღირებულებებისადმი მსახურება არის ჩვენი თანაარსებობის მომავალი. ყველა სხვა შემთხვევაში არის ის ქაოსი და პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ვიღებთ. სამწუხაროდ, ასეთი მაღალი თანამდებობის პირებს ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 

big_banner
არქივი