logo_geo
„მექნება შესაძლებლობა, პედრო აგრამუნტი კარგად გავარკვიო რა დანაშაულების გამო იხდიდა სასჯელს უგულავა“
- +

25 იანვარი. 2017. 01:12


 

„როგორც ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ქართულმა სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, მისი გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც მან ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თბილისის ექს-მერ გიგი უგულავაზე საუბრისას განაცხადა და აქვე პედრო აგრამუნტის განცხადებას გამოეხმაურა.


„ბატონი აგრამუნტის გუშინდელ განცხადებას რაც შეეხება, უგულავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბატონმა აგრამუნტმა, ისევე როგორც მთლიანად საპარლამენტო ასამბლეამ, იცოდეს ძალიან კარგად, რომ საქართველოში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ არა სხვადასხვა პოლიტიკური პირების მოწოდების შედეგად და შემდეგ, არამედ იღებს მართლსაჯულება და იღებს სასამართლო სისტემა მას შემდეგ, რაც შესაბამის პროცედურებს გაივლის და შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივა ჩაურევლად.

 

ეს არის ის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და დემოკრატიის და მართლმსაჯულების ის ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანას ეკუთვინის და რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენები ისეთ სტრუქტურებში, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, რომ შეიძლება სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემები,  რომელიმე უცხოელი თუ ქართველი პირის ზეწოლის შედეგად იღებდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

 

ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება და არ მოხდება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს კარგად ავუხსნათ ჩვენს აქაურ მეგობრებს. როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობაა, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ სათანადო წარმოდგენა ქვეყანაში ინსტიტუციების მდგომარეობის თაობაზე და ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ისე, როგორც საჭიროა და ადეკვატური აღქმა ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამისთვის ვართ აქ.

 

დღეს იმართება შეხვედრა, ჩემი პირადი შეხვედრა აგრამუნტთან, ასევე სხვა თანამდებობის პირებთან და მე ნამდვილად მექნება შესაძლებლობა, უფრო კარგად გავარკვიო ეს ადამიანი იმაში, თუ როგორ მუშაობს ქართული მართსაჯულების სისტემა, რა დანაშაულების გამო იხდიდა სასჯელს გიგი უგულავა (საკმაოდ მძიმე დანაშაულების გამო) და როგორ ხდება პირების გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

big_banner
არქივი