logo_geo
ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
- +

22 თებერვალი. 2019. 12:05

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა.

 

„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა ბესელიამ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

 

დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

 

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

 

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი