logo_geo
თეა წულუკიანი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
- +

5 მარტი. 2019. 17:58

 

 

„საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის დაწყებამდე განუცხადა. წულუკიანმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც სხდომაზე იქნება საუბარი.

 

„ვისაუბრებთ იუსტიციისა და უსაფრთხოების ნაწილში ისეთ თემებზე, როგორებიც არის უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მნიშვნელობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული არის სერიოზული წუხილი, რომ ალბათ საჭიროა ახალ რეგულაციებზე ფიქრი ან პრაქტიკისა და პოლიტიკის ცვლილება, რათა ეს დიდი მონაპოვარი შევინარჩუნოთ და შეჩერების მექანიზმი არ გამოიყენონ. ვისაუბრებთ იმ რეფორმების წარმატებებზე, რომლებიც მათთან ერთად, ევროპელ მრჩევლებთან ერთად განვახორციელეთ, თუნდაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა, რადგან უკვე გვაქვს კვლევა, რომ გამოკითხულთა 55 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი დღეს, ამ წუთას არ დგას დღის წესრიგში.

 

„მაგრამ არსებობს სერიოზული წუხილი, რომელსაც, როგორც ევროკავშირის სტრუქტურები, ასევე წევრი სახელმწიფოები გვიზიარებენ და გვთხოვენ, კიდევ უფრო მეტ სიმკაცრეს, ეს არის რეალობა. ჩვენ როგორ გადმოვთარგმნით მათ წუხილს და რეალობას ჩვენს კანონმდებლობაში, ეს რა თქმა უნდა, ჩემი სუვერენული უფლებაა, თუმცა ერთი მაგალითისთვის გაგიმხელთ, რომ საუბარი მიმდინარეობს ხოლმე ისეთ საკითხზე, როგორიცაა პრობაციონერთა საზღვარგარეთ გასვლის ნებართვა, უნდა იყოს თუ არა შესაძლებელი, რომ მაგალითად პრობაციონერი იღებს ნებართვას, გადის უცხოეთში და მას ამ ნებართვის გაგრძელებისთვის არ სჭირდება ქვეყანაში დაბრუნება, ახლობლის მეშვეობით შეუძლია გააკეთოს ეს. ვფიქრობ, ეს შესაცვლელი ნამდვილად გვექნება იმისთვის, რომ უფრო დიდი სიკეთე – უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

 

 

big_banner
არქივი