logo_geo
ირაკლი კობახიძე ბესელიას ინიციატივაზე: ჩვენ განვახორციელეთ რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება
- +

12 მარტი. 2019. 11:55

 

 

„კონსტიტუციის თემა არის დახურული, ვინაიდან ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ახალ ინიციატივას, რომელიც უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის შეჩერებასა და უკვე განწესებულთა სტატუსის შეჩერებას ეხება, რომლის მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებია განსახორციელებელი.

 

კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას მოტივად პოლიტიკური ინტერესები უდევს.

 

„პოლიტიკური ინტერესია, ბესელიამ ცალსახად აღიარა, რომ ინიციატივა რაც მანამდე წარადგინა არაკონსტიტუციური იყო. რაც შეეხება თემას, კონსტიტუცია არის დახურული თემა, ვინაიდან ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ვენეციის კომისიის აღიარება. ყველა ნორმა სწორედ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც ცნობილია, დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების და უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დეპუტატის მიერ წარდგენილი ინიციატივით, მოსამართლეთა უვადოდ განწესება შეჩერდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლამდე, რასაც დეპუტატი მათდამი საზოგადოების მხრიდან არსებული უნდობლობით ხსნის. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, კერძოდ კი, ცვლილება კონსტიტუციის 61-ე მუხლს შეეხება, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესს არეგულირებს და 63-ე მუხლს, რომელიც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს ეხება. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, რის გამოც, მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი, მომავალი კვირიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს, ხოლო ინიციატივის დაზღვევის მიზნით, პარალელურ რეჟიმში მოქალაქეთა ხელმოწერებს შეაგროვებს.

 

 

big_banner
არქივი