logo_geo
გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს პრეზიდენტი ეხმიანება
- +

13 მარტი. 2019. 01:30

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს განცხადებით ეხმიანება და კვარაცხელიას ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მომხდარი ტრაგედია  "ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით".

 

„ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია დეფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაპატიმრებული.

 

მომხდარზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურმა მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას საქმე გამოიძიოს და მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოიპოვოს. მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოში ჟენევის დისკუსიების სამი თანათავმჯდომარეა, რომლებიც 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან და შეხვედრებზე მომხდარი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ციხელაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი