logo_geo
„ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“
- +

14 მარტი. 2019. 14:36

 

 „ეს არის ანგარიში, რომელშიც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასება არ გვაქვს. ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის შესახებ განაცხადა. 

 

„ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო მიისწრაფვის იქითკენ, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში და სტანდარტებში იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს აღიარებულია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა საქართველო-ევროკავშირის საბჭოში, აღინიშნა პროგრესი და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ჩვენ დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს. ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ყურადღება აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და იქ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილზე და მათ მკვლელობაზე.

 

„ანგარიშში საუბარია ოთხოზორია-ტატუაშვილზე და მათ მკვლელობაზე, ამის მიუღებლობაზე. არის პირდაპირ მოყვანილი ის შეფასებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი ნაწილია. არჩევნებზე ანგარიშში  მოყვანილია ეუთო-ს დასკვნა, რომელიც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ამ დასკვნიდან ანგარიშში პირდაპირი ციტირებაა. დასკვნაში ჩვენ გვაქვს, როგორც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე საუბარია ხარვეზებზე, რომელიც იყო. ხარვეზების შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ასევე საუბარია  წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი.

 

„აქ საუბარია ასევე წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი. ყველა ეს რეკომენდაცია და ის შეფასება, რაც ანგარიშშია, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებები არ არის. ეს არის ის შეფასებები, რომელიც მათ საქართველოში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი