logo_geo
ლადო კახაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამ ოჯახის ყველა წევრმა დაადასტურა, რომ ამ ოჯახში ვარ
- +

25 მარტი. 2019. 13:18

 

 

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, განსაკუთრებული ქალაქის, რომელიც ამშვენებს დედამიწას, მისი ასევე გამორჩეული ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა“, - ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

 

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებული პატივია, რომ მთაწმინდის ოლქში გააგრძელოს საქმე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო.

 

„თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი, როგორც მოსახლე პოპულაციით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც უძველეს ქალაქს უდგას. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით, ყველანი ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს გამართული იმ ენაზე მოუბარი, რომელსაც მოსახლეობა კარგად აღიქვამს. და მოსახლის სატკივარის, სწორი ტრანსფორმირება მოხდება საკანონმდებლო სივრცეში. ამ დიდებულ ქალაქში ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილებისა და შვილიშვილების მიმართ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

კითხვაზე - თავად ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა თუ არა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა, ლადო კახაძე აცხადებს, რომ შემოთავაზება „ქართული ოცნებისგან“ მიიღო.

 

„შემოთავაზება მივიღე ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“. ამ ოჯახის ყველა წევრმა, ყველა ბინადარმა, დღეს დაადასტურა, რომ მე ამ ოჯახში ვარ მათი ნებელობით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნებელობა ორმხრივია და წარმატების საწინდარია“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

 

 

big_banner
არქივი