logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ დავინახეთ მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან!
- +

2 თებერვალი. 2017. 15:57




„ჩვენ დავინახეთ ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ", - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას.  


„მე მინდა, ხაზი გავუსვა დღევანდელი გადაწყვეტილების მნიშვნელობას იმ მიმართულებით, რომ დღეს ყველამ ერთად დავინახეთ ღია ეთერით, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის და ევროპული პარტიების მხრიდან და თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში. ჩვენ დავინახეთ ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დადასტურება ჩვენი კურსის, ჩვენი ქმედებების და წარმატების ამ გზაზე. ჩვენ ყველა ჩვენს მოქალაქეს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება, თუ არ იქნება მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა სამთავრობო უწყების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ყველა ამ მიმართულებით მკაფიო მხარდაჭერა და მზაობა - გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს მომავალს. დღევანდელი გადაწყვეტილებით საფუძველს ვუყრით პრაქტიკულ შედეგებს ჩვენი მოსახლეობისთვის. 2016 წელს ჩვენ მივიღეთ სრული ამოქმედება ასოცირების შეთანხმების. უვიზო მიმოსვლით ყველა ჩვენი ბიზნესმენი და მეწარმე უფრო მარტივად შეძლებს, მიიღოს მონაწილეობა ევროპულ გამოფენებში, უფრო მარტივად გაიტანოს პროდუქცია, უფრო მარტივად დაამყაროს ბიზნესკონტაქტები. ეს ხელს შეუწყობს კულტურულ და სამეცნიერო კავშირებს", - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე თქმით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნების შემდეგ შევა.


„მოგილოცავთ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს იქნა მიღებულ ევროპარლამენტის სესიაზე. როგორც მოგეხსენებათ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს შესაბამისი რეგულაციის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს. ამით პროცესი არ სრულდება. კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე ტექნიკური დეტალი. ამის შემდეგ ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ ეს რეჟიმი ამოქმედდება", - განაცხადა ჯანელიძემ.



ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია მიანიჭა.  ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროპარლამენტში 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 66 დეპუტატი გახლდათ.




 

big_banner
არქივი