logo_geo
არჩილ თალაკვაძე: საინტერესოა, ნიკა მელიას საიდან აქვს ინფორმაცია
- +

3 თებერვალი. 2017. 13:01



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას და მის პოლიტიკურ სივრცეში გადმოტანას ცდილობს.


მოსამართლეების მოსყიდვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერის საკითხის შეფასებისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ კავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და სასამართლოს საქმიანობას შორის იკვეთება.

 

„უკვე სერიოზულად ჩნდება კითხვები, რა კავშირები არსებობს რეალურად მოსამართლეებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის. საინტერესოა, ნიკა მელიას საიდან აქვს ინფორმაცია იმ კომუნიკაციის შესახებ, რომელშიც, როგორც თვითონ ამბობს, არანაირი მხარე არ არის. ასევე საინტერესოა, მოსამართლეებმა იცოდნენ თუ არა, იანვრის შუა რიცხვებში ვინ ეუბნებოდა მათ, რომ ბრიფინგის ჩატარებამდე ორი კვირა მოეცადათ. შეშფოთებული ვარ იმ გარემოებით, რომ ადგილი აქვს აშკარა სასამართლო სივრციდან ამ საქმის პოლიტიკურ სივრცეში გადმოტანის მცდელობას. ამაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო, რადგან ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, სადაც სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ახლა ჩვენ ვხედავთ სასამართლო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ჩარევის მცდელობას. მმართველ ძალას მიხეილ სააკაშვილის ამ მანიპულაციების არ ეშინია, თუმცა მეორე მხრივ, აუცილებელია, დადგინდეს ამ მიმოწერის ავთენტურობა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ „პირველთან" საუბარში.



რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერა გავრცელდა, სადაც საუბარი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მოსყიდვაზე.




 

big_banner
არქივი