logo_geo
„გვიჩნდება კითხვა: ხომ არ აქვს ადგილი სასამართლო ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩარევის მცდელობას“
- +

4 თებერვალი. 2017. 01:47


 

„გვიჩნდება კითხვა: ხომ არ აქვს ადგილი სასამართლო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩარევის ფაქტსა და მცდელობას?" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მოსამართლეების საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიებისა და აღნიშნულ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.


როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ამ პროცეში არის რამდენიმე სერიოზული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უმოკლეს ვადაში უნდა გაეცეს.


„ჩვენ ძალიან სერიოზული შეკითხვები გვიჩნდება უკვე „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით და ვფიქრობთ, უმოკლეს დროში უნდა გაეცეს მათ პასუხები. პირველი: ხომ არ ხდება და ხომ არ აქვს ადგილი რეალურად სასამართლო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩარევის ფაქტსა და მცდელობას? მეორე: აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა კავშირი აქვთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მათ შორის ნიკა მელიას საერთოდ ამ საქმესთან, რა კომუნიკაციაში იმყოფება ის ან მოსამართლეებთან ან სხვა მხარეებთან, რომლებზეც კომენტარებს აკეთებს? საიდან იცის, რა თემებზე შედგა შესაძლო საუბარი მოსამართლეებთან, რომელშიც თვითონ არ ყოფილა ჩართული? - ამითაც, ჩემი აზრით, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


უმრავლესობის ლიდერის თქმით, ასევე საინტერესოა, აქვს თუ არა ამ საქმესთან კავშირი იმ სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომელიც ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა და რომელიც პორტალის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს.

 

„ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულად გვაინტერესებს, რა კვაშირი აქვს ინტერნეტმედიით გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს იმ ადამიანებთან, ვინც ამ საუბარში ფიგურირებენ, იმიტომ რომ, ეს საუბარი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და თუ ეს კავშირები რეალურად დადგინდება, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს, რადგან აშკარაა, ადგილი აქვს სასამართლო საქმის სამართლებრივი სივრციდან გამოტანის პირდაპირ მცდელობებს და ეს უკვე მერამდენედ ხდება. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაჭრას მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლებრივი მექანიზმები და ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ასევე კითხვა გვიჩნდება, თუ ამ ორმა მოსამართლემ იცოდა რაიმე შესაძლო ზეწოლის შესახებ იანვრის შუა რიცხვებში, ვინ სთხოვა მათ ორი კვირით მოეცადათ და მერე ჩაეტარებინათ ეს ბრიფინგი?", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი