„მინდა მოგმართოთ ჩემს კოლეგებს: ეს ყველაფერი იცით რისი ბრალია? როდესაც კონკრეტული ტელევიზიის დირექტორი, ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს გამოდის და თუნდაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ წევრებს დღეს გვაგინებს და არავინ პასუხს არ სცემს ამაზე, იმიტომ მივედით ამ ყველაფრამდე...“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე აცხადებს. მისი თქმით, ნიკა გვარამია „იარაღის ქნევით და გინებით“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვერ შეაშინებს.
„მე არ მაქვს „რუსთავი 2“-თან ასეთი ახლო შეხება, რომ გვარამიას პასუხები გავცე, მაგრამ ლევან ხაბეიშვილს მინდა ვთხოვო, რომ გვარამიას გადასცეს, როდესაც გვარამია მუხლების და კოჭების დახვრეტით გვემუქრება „ქართული ოცნების“ წევრებს და მათ შორის პარტიის თავმჯდომარეს, მინდა გითხრათ, რომ მაგით ჩვენ ვერ შევშინდებით. ცოცხის ქნევით რომ დამემუქროს, კიდე შეიძლება შემეშინდეს, იმიტომ, რომ იმ პერიოდშიც შეშინებული დავდიოდი და იარაღის ქნევით და გინებით ნამდვილად ვერ შეგვაშინებენ და ეს მინდა გადასცეთ ნიკა გვარამიას“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.