logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები
- +

22 აპრილი. 2019. 12:53

 

 

„შრი-ლანკაში განვითარებული მოვლენები უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ ტერორიზმი არის არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ნომერ პირველი გამოწვევა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ტერორიზმთან ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რა გამოწვევასაც სამსახური წარმატებით ართმევს თავს.

 

„ძირითად გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის „ისლამური სახელმწიფო“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები. საანგარიშო პერიოდში „ისლამური სახელმწიფო“ მოქმედებას აგრძელებდა, დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი ტაქტიკით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის“ პრიორიტეტი აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერიტორიული ორგანიზაციის მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. დიდი ალბათობით, შრი-ლანკაშიც მომხდარი ტერორისტული აქტები მათ მიერ იყო განხორციელებული. „დაეში“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტ სივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით აქტიურად აგრძელებს თავისი იდეოლოგის გავრცელებას; ახდენს რადიკალიზებული პირების მობილიზებას და მათ გადაბირებას,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა „თალიბანსა“ და „ალ-ქაიდაზე“ და აღნიშნა, რომ საქართველო მათ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენს, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა შესაძლოა, ფინანსური რესურსით უზრუნველყონ სხვა ტერორისტული დაჯგუფებები. სწორედ ამიტომ ლილუაშვილის თქმით, სუს-ი მუდმივად ატარებს პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რამდენიმე პირი, რომლებიც სოციალური ქსელების გამოყენებით ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ ავრცელებდნენ იდეებსა და მოწოდებებს. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები,“- განაცხადა ლილუაშვილმა.

 

მისივე თქმით, 2018 წელს საქართველოს 20-მდე მოქალაქე მონაწილეობდა სირიასა და ერაყში მიმდინარე ბრძოლებში. მათი საქართველოში დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სუს-ი ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, სუს-ის უფროსის მოადგილე ტერორისტების მხრიდან საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად გამოყენების საკითხსაც შეეხო.

 

„შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მცდელობის ფაქტები, სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მკაცრად კონტროლდება. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ, სუს-ი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი