logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: 2018 წელს სუს-მა საოკუპაციო ხაზზე ორგანიზება გაუწია 39 ვიზიტს
- +

22 აპრილი. 2019. 13:18

 

 

„2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც გახლავთ საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ მას არ ეძლევა საშუალება გამყოფი ხაზის იქით აწარმოოს მონიტორინგი, დააკვირდეს პროცესებს, მათ შორის ადამიანების გატაცების და ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“, - ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წარმომადგენლობებთან ერთად. 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიების პროცესში კი ხორციელდება თანამშრომლობა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან.

 

ასევე, სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ორგანიზებულ სამმხრივი საკოორდინაციო შეხვედრების პროცესში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალურად განეიტრალების და რუსეთის ფედერაციისგან ანექსიის პროცესის ხელის შეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით, უსაფრთხოების სამსახური თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას პერიოდულად აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2018 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთათვის ორგანიზება გაუწია 39 ვიზიტს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი