logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია
- +

22 აპრილი. 2019. 15:16

 

 

„2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები“, - ამის შესახებ სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

 

2018 წელს საქართველოში გავლენის მოპოვებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას, ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას, მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობების ხელშეწყობას, საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას. ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებების და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

 

ასევე ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით, მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებდა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი საქმიანობების შედეგად აღკვეთილ იქნა ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება.

 

2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე.

 

გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით. უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა. სახელწმიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხორციელდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.

 

აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 77 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელწმიფო საიდუმლოებასთან სახელწმიფო ორგანოს იურიდიული პირის დაშვება, ხოლო ოთხს უარი ეთქვა გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით.

 

სახელწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3200-მდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა, 600-მდე პირს განესაზღვრა NATO-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობა, 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმეწარმოების და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი