logo_geo
დავით ზალკალიანი: საქართველო და სერბეთი პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებენ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და...
- +

24 აპრილი. 2019. 16:58

 

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ჩამოვიდა. სერბ დიპლომატსა და პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლა.

 

საგარეო უწყებაში ორ მხარეს შორის ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი. ორმა მხარემ ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებს და ეკონომიკური მიმართულებით ახალი ორმხრივი ნაბიჯების აუცილებლობას.

 

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, სერბ და ქართველ ხალხს აკავშირებს როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ასევე ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების პატივისცემა.

 

„ჩვენ პრინციპულ პოზიციას ვინარჩუნებთ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სერბეთთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით, რისი დასტურიც იყო მიმდინარე წლის 18 აპრილს თბილისში გამართული ორმხრივი კონსულტაციები. სერბეთ-საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, სწორედ ამას ემსახურება მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის საინაუგურაციო სესია თბილისში გაიხსნება“, - მიმართა სერბ კოლეგას დავით ზალკალიანმა.

 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების კონტექსტში.

 

„ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს მსგავსი ხედვები, სიტუაციის მსგავსი ანალიზი და იმედია, ეს მომავალში დაგვეხმარება ინფორმაციის კოორდინაციის კუთხით როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში. ამ მხრივ ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, თბილისში ორ ქვეყანას შორის რიგით მეორე ბიზნესფორუმი იგეგმება. მინისტრი აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანია ვაჭრობის სფეროში ტექნიკური ბარიერების შემცირება. ამასთან, ზალკალიანი სერბეთთან პირდაპირი მიმოსვლის შესაძლებლობასაც განიხილავს.

 

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

 

 

big_banner
არქივი