logo_geo
სოსო გოგაშვილი: მადლობა სუს-ს, ჩემი ოჯახი განადგურებას გადაურჩა, ახლა ჯერი პროკურატურაზეა
- +

8 მაისი. 2019. 13:48

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს, რადგან მაჩალიკაშვილისთვის „ამგვარი ქმედებები უცხო არ არის“.

 

გოგაშვილმა ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

 

მან მადლობა გადაუხადა სუს-ს, რომ მისი ოჯახი „განადგურებას გადაურჩა“.

 

„ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატუტრაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

 

უწყებამ 7 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

 

მაჩალიკაშვილი 15:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი