logo_geo
სულხან სალაძე: ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა
- +

19 მაისი. 2019. 21:07

 


„20:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა“ - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

 

მან რამდენიმე დარღვევა გამოჰყო, რომელიც საია-ს დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესში დააფიქსირეს.

 

„20:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნაწილის ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატებოდა ზუგდიდის ოლქში ამომრჩევლების ნების კონტროლში და ყველა სხვა ოლქის მასშტაბით ასევე საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. თავის განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს“.

 

სულხან სალაძის თქმით, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავება და საია აპირებს ამ პროცესს თვალი ადევნოს.

 

„საია-ს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, 14:00 საათის შემდეგ კვლავ იყო პრობლემები და ორ უბანში გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი“, - განაცხადა სალაძემ.

 

მისი თქმით, ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას სულ 7 საჩივარი წარუდგინა.

 

„14:00 საათის შემდეგ საია-მ საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი საჩივრით მიმართა, რომელიც ზუგდიდის ოლქის N83 უბანზე განმეორებით ხმის მიცემას შეეხებოდა. ამ დროისთის ხმის მიცემის ეტაპზე ჩვენ სულ 7 საჩივარი გვაქვს წარდგენილი. დამკვირვებლები უბნებზე რჩებიან და აგრძელებენ დაკვირვებას, ხვალ კი შესაძლოა, საჩივრების მეტ რაოდენობაზე ვისაუბროთ, გააჩნია, თუ როგორ წარიმართება ხმების დათვლა“, - განაცხადა სალაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი