logo_geo
სოფო ქაცარავა: ასეთი მხარდაჭერა ნიშნავს, რომ საქართველოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
- +

23 მაისი. 2019. 17:09

 

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს, რომ საქართველოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო ქაცარავამ განაცხადა.

 

ქაცარავას თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველი შინაარსის დოკუმენტია, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

 

„მასში ასახულია საქართველოსთვის სასიცოცხლო ყველა საკითხი: ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მართლაც უპრეცედენტო თანამშრომლობა. უსაფრთხოების ნაწილში აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში საუბარია დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. კანონპროექტი გამორჩეულია იმით, რომ მთავრობის მიმართ მოწოდებაა, უსაფრთხოების ნაწილში მთავრობამ საქართველოსთან მიმართებაში ანგარიში და სტრატეგია წარადგინოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

მისი თქმით, ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას უსვამს ხაზს.

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის მხოლოდ ეკონომიკური სიკეთე არ იქნება, არამედ, უსაფრთხოების კუთხით დამატებითი გარანტიები იქნება. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი სენატს გადაეცემა დამტკიცების შემთხვევაში და, როდესაც პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ხელს მოაწერს, ძალაში შევა“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.

 

 

 

big_banner
არქივი