logo_geo
საქონლის ხორცის ფასი, შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს
- +

30 მაისი. 2019. 11:43

 

 

ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში საქონლის ხორცის საბითუმო ფასი შესაძლოა, 16-17 ლარამდე გაიზარდოს, ხოლო საცალო ფასმა, 20 ლარსაც გადააჭარბოს.

 

ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ, რასაც პირუტყვის სულადობის შემცირებით ხსნიან და ამბობენ, რომ ფასების მატების ტენდენცია ადგილობრივი წარმოების ხორცის შემცირების გამო უკვე დაწყებულია.

 

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფერმერი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, საქართველოდან 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ხორცის ექსპორტი აიკრძალოს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, წლის დასაწყისიდან საქართველოდან 140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.

 

,,დღეს ქვეყანაში არის ხორცის დეფიციტი. რასაც 5-6 თვის წინ ვამბობდი, აბსოლუტურად ყველაფერი ახდა. ფასები უკვე გაზრდილია. ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას თუ შევაფასებ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში ჩასაბარებელი ხორცის ფასი 16-17 ლარი იქნება, საცალო ფასი კი 20 ლარს გადააჭარბებს. ქვეყანაში ხორცის სერიოზული დეფიციტია და ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპორტზე გადის პატარა ბოჩოლები. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა გაზრდილია ბოჩოლას ხორცზე. ეს კი იმას იწვევს, რომ სანამ დასაკლავ კონდიციამდე მივა საქონელი, კლავენ 40-50 კილოგრამს. ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ თუ ჩვენ პირობითად ბოჩოლას ვყიდით 100 დოლარად, ხვალ მისი ყიდვა მოგვიწევს 300 დოლარად.

 

მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დადგენილებით საქართველოდან აიკრძალა 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი, რაც, ჩემი აზრით, ცოტაა. აუცილებელია, რომ ქვეყნიდან მინიმუმ 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალოს. თუ ამ მიმართულებით მთავრობამ ცვლილებები არ განახორციელა, მაშინ ადგილობრივი ბაზარი აუცილებლად დაზარალდება და ხორცის ფასიც საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა, პრობლემა კომპლექსურია და მთავრობის ერთი დადგენილებით შედეგს ვერ მივიღებთ. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ადგილობრივი მეხორცული პროდუქტიულობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გონაშვილმა

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 53 000 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 102 363 სული შეადგინა. მზარდი იყო ტენდენცია 2017 წელსაც. კერძოდ, ექსპორტზე გასულმა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ 134 000-ს გადააჭარბა. 2018 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალი შენარჩუნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ძირითადად ერაყში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი