logo_geo
გიორგი ვოლსკი: მუდმივად ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება!..
- +

31 მაისი. 2019. 12:59

 

 

„მუდმივად ამ თემის ექსპლუატაცია არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს სპეკულაციას დაემსგავსა“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ფოთის პორტთან დაკავშირებით დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ, თუმცა, იქვე დასძინა, რომ კითხვებს არავინ გაურბის და პრემიერი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზეც ისაუბრებს.

 

„ფოთის პორტთან დაკავშირებით ათასი კომენტარი გაკეთდა. სამინისტრომაც გააკეთა განმარტებები, მთავრობის მხრიდანაც გაკეთდა, პოლიტიკოსების მხრიდანაც და მუდმივად ამ თემის ექსპლუატაცია არ შეიძლება, იმიტომ, რომ სპეკულაციას დაემსგავსა. ამდენი პოლიტიკური ფანდების დაგება იმისთვის რომ რაღაც დივიდენდი მიიღო, მგონი არ შეიძლება. გეთანხმებით, რომ პრემიერის პასუხები ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო იქნება და არც ამაზე არ იხევს უკან არავინ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, 29 მაისს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

 

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. ამასთან, მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი.

 

 

big_banner
არქივი