logo_geo
ირმა ინაშვილი: რა პარლამენტი ვართ, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში! მრცხვენია, აქ რომ ვზივარ...
- +

31 მაისი. 2019. 15:37

 

„ხედავთ, რა დონეზე მივედით, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“, გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ, სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

 

„დღეს ვინ ლაპარაკობს დავითგარეჯზე? გარიგებები დაიწყო სააკაშვილის პერიოდში. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა და პირდაპირ იმ განცხადებებს ეყრდნობიან დღეს აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები, ნახევარი დავითგარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის, იმათიაო. ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავითგარეჯზე, რაღაცა ძალების მონაწილეობაზე დავითგარეჯთან მიმართებაში. ქართული მიწების 22 პროცენტი მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე, რაც ხდება. აი, ასე დადუმებული რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არა გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან. პირში უთხრათ სათქმელი, სხედხართ აქ და მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიხართ, სირცხვილი თქვენ ყველას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

მისივე თქმით, სადემარკაციო კომისია, რომელიც დღეს გარეჯის საკითხზე მუშაობს პარლამენტში უნდა დაიბარონ და საგანგებო სხდომაზე მოუსმინონ.

 

„ლაპარაკი რომ მიდის ახლა, 70 პროცენტი საზღვრის შეათანხმეს, საჯარო რატომ არ არის ინფორმაცია? რა პირობით შეთანხმდა, რომელი რუკებით შეთანხმდა, ეს ინფორმაცია რატომ არის ხალხისთვის დახურული? ჩვენ რომ ვლაპარაკობთ პატივისცემაზე. ნურავინ გვასწავლით აზერბაიჯანელების პატივისცემას, აზერბაიჯანელებსაც პატივს ვცემთ, ალიევიც მიგვაჩნია, რომ გონიერი პრეზიდენტია, მაგრამ ნუ ეპოტინებიან ჩვენსას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

მისივე თქმით, დავითგარეჯი ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქართული მიწაა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ, ისე კი არა ენის კანკალით რომ ლაპარაკობენ, ღირსეულად უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

 

„რისი დამცველები ხართ თქვენ, „ქართულო ოცნება“. ამ ხალხისთვის ვერ მოგივლიათ და ახლა გადასული არიან თქვენი მხილების რეჟიმზე. კარგია, რომ ეს ხდება, ახია, კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენზე, რადგან შეერწყით დამნაშავეებს. ჩვენს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეთ, არჩევნების წინ გახსენდებათ მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები. აი, ასეთი ქვეყანა ააშენეთ თქვენ, უზნეო ქვეყანა, აღარავინ აღარავის პატივს რომ აღარ სცემს. საერთოდ დაკარგულია ყველანაირი პატივისცემა, ყველანაირი ზნეობა, მორალი და რა პარლამენტი ვართ ჩვენ საერთოდ? რა პარლამენტი ვართ, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. მრცხვენია, აქ რომ ვზივარ, ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, აი, გეუბნებით მე თქვენ, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული, მადლობა თქვით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი