logo_geo
ირაკლი კობახიძე: მესამე წელია, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, სამი წელი მივდივარ და ვერ წავედი
- +

4 ივნისი. 2019. 18:59

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

კობახიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი 2014 წლის დეკემბერში გახდა და მას შემდეგ, ორი წელი თანამდებობიდან ხსნიდნენ და არ მოიხსნა.

 

„მესამე წელია, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, სამი წელი მივდივარ და ვერ წავედი. მდგომარეობა ასეთია და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. თეორიულ მსჯელობაში ვერ შევალ, დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული იმ საქმეზე ვართ, რასაც ვაკეთებთ, ეს არის საპარლამენტო მუშაობა. მნიშვნელოვანი სესია გვაქვს, რომელიც ივნისში დასრულდება. შემდეგ ივლისში, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განხილვა მოგვიწევს“, – აცხადებს კობახიძე.

 

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, კობახიძე პასუხობს, რომ შალვა თადუმაძე ჯერ დასახელებულიც კი არ არის.

 

„პარლამენტი უნდა დაელოდოს მეორე კონსტიტუციურ ორგანოს – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის ექსკლუზიური უფლებაა კანდიდატების დასახელება. სანამ კანდიდატები არ დასახელდება, ჩვენი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი. სამართლებრივად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და არც პოლიტიკურ ჭრილში არ შეიძლება ვისაუბროთ. ეს არ არის აქტუალური“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა თავაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატს შორისაა.

 

 

 

big_banner
არქივი