logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ვიტალი კლიჩკოს შეთავაზება სააკაშვილისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ჩიხი
- +

5 ივნისი. 2019. 15:08

 

 

„ვიტალი კლიჩკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის თავისი პარტიის ხელმძღვანელად დანიშვნის შეთავაზება, შეიძლება ჩიხი აღმოჩნდეს, საიდანაც სააკაშვილს გამოსვლა გაუჭირდება“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს მიერ თავისი პარტიის ხელმძღვანელად დანიშვნის შეთავაზებას.

 

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, სააკაშვილი არ არის ისეთი გულუბრყვილო, არ იცოდეს, მას პარლამენტში შესვლა რომ არ შეუძლია.

 

„მე არ ვიცი კლიჩკოს პარტიის რეიტინგი, ამიტომ მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენად მიმზიდველია ეს პარტია სააკაშვილისთვის. სააკაშვილი არ არის ისეთი გულუბრყვილო, თვითონ არ იცოდეს, რომ პარლამენტში მას შესვლა არ შეეძლება და ეს შეთავაზება, მისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ჩიხი, რომლიდანაც გამოსვლა გაუჭირდება. დავუშვათ, ის შეიძლება იყოს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელი და მეტი არაფერი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

კითხვაზე, რაში აწყობს კლიჩკოს სააკაშვილის პარტიის ხელმძვანელად დანიშვნა, საყვარელიძემ უპასუხა, რომ კლიჩკოს თავის პარტიაზე ზრუნვა ტვირთად აწევს და ისეთ ადამიანს გადააბარებს, ვინც მასზე ზრუნვას შეძლებს.

 

„მერის თანამდებობა, ალბათ კლიჩკოსთვის იოლი თანამდებობა არ არის იმ მხრივ, რომ მან პარტიასაც გაუწიოს ხელმძღვანელობა და მერის ფუნქციებიც შეასრულოს. სავარაუდოდ, ასეთი მდგომარეობა ტვირთია კლიჩკოსათვის. პირადად სააკაშვილისთვის კი ეს შესაძლოა, არაფრის მომცემი არ იყოს. ასე რომ, ეს მე მგონი სააკაშვილისთვის, გარკვეული თვალსაზრისით, აქტიური პოლიტიკიდან გაყვანის პროცედურა შეიძლება აღმოჩნდეს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

 

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი