logo_geo
ირაკლი კობახიძე: ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან
- +

9 ივნისი. 2019. 12:09

 

 

„დღეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება. მეორე ტური თავისთავად დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და არჩევნების მაღალ სტანდარტს ცხადყოფს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დამკვიდრდა“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი  ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. საკმაოდ მაღალი აქტივობისთვის მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს. 10 საათის მდგომარეობით  31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ.

 

31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა, რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

 

კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩვეულნი ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით რის ნიშანიც არის ეს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან.

 

რა თქმა უნდა, ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას. დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი