logo_geo
გიორგი გახარია: პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე
- +

21 ივნისი. 2019. 17:50

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გუშინ შეძლეს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელმაც მიიღო პარლამენტის შტურმის სახე, რის შემდეგაც გაიქცნენ და ერთმანეთს შეატოვეს მოქალაქეები და პოლიციელები. მისი თქმით, პოლიციელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე.

 

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი: პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე, შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, იმ დონეზე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, არალეტალური, რა თქმა უნდა. ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს ეს ეკრანებზე.

 

ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს და ყველაფერს გავხდით საჯაროს, როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები, წუთების მიხედვით, წამების მიხედვით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ. ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, მოქალაქეები, რომელებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს. არცერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და თავიანთი პროვოკაციების შემდგომ შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს.

 

ეს იყო რთული პროცესი. პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ დადგნენ და იცავდნენ მათ. იქ, სადაც იყო გადამეტების კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით, მაგრამ რაც მთავარია, პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რაც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

 

ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას, პარლამენტის შტურმისკენ და პოლიციელების წინააღმდეგ, უმკაცრესად იქნებიან დასჯილები.

 

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი იყო სამოქალაქო არეულობა ქალაქში.  თუ სადმე იყო რაიმე კონკრეტული ელემენტი  გადამეტების და მოხდა ჩვენი მოქალაქის ან ჟურნალისტის დაშავება, რა თქმა უნდა,  ყველგან იქნება შესწავლილი და პასუხისმგებლობაც დადგება, მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ ერთ რაღაცას, პოლიცია იყო თავდაცვით მდგომარეობაში, პოლიცია იცავდა თავის თავს.

 

ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იყო, ყველა მოქალაქე, რომელიც იყო წინა ფლანგზე და რომელმაც პირდაპირ შტურმი მიიტანა პოლიციაზე, ყველა იყო გაფრთხილებული მაქსიმალურად, მთელი ღამის განმავლობაში.

 

ყველა ის ადმიანი, რომელიც თავისი მოწოდებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად შეძლო და  პროვოკაცია გამოიწვია, მოახდინა ის, რომ მოქალაქეები და პოლიცია უბრალოდ დააპირისპირა ერთმანეთთან, ისეთ დონეზე, რომ ამან მიიღო შტურმის სახე, რა თქმა უნდა, უმკაცრესად დაისჯებიან.

 

მე, რა თქმა უნდა,  დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როდესაც იქნება საჭირო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

big_banner
არქივი