logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი
- +

13 თებერვალი. 2017. 20:46



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბარში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. თალაკვაძის განცხადებით, ასეთი დანაშაულის აღკვეთის შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში, პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.


„როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში, პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად. გაძლიერებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო - ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თალაკვაძემ დასძინა, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად.


„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება გასცემს პასუხებს ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას აქვს და გაირკვევა უფრო მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

big_banner
არქივი