logo_geo
მამუკა მდინარაძე: ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა...
- +

13 თებერვალი. 2017. 21:04



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.


„მთავარია, რომ ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და როგორც ჩანს, ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით, რისთვისაც პროკურატურას და სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. გამოძიება გაგრძელდება და დანარჩენ დეტალებსაც დადგენს მრავალ ვერსიასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა პასუხს ყველა კითხვას გასცემს. ძალიან კარგია, რომ პატრიარქი და მისი თანმხლები პირები კარგად არიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


რაც შეეხება სპეციალური ჯგუფის შექმნის მოთხოვნას, მდინარაძის თქმით, ამ საკითხით დაინტერესებას მმართველ გუნდზე მეტად ვერავინ დაიბრალებს.

 

„რაც შეეხება ჯგუფის შექმნას, ამ საკითხით დაინტერესებას, ალბათ, ჩვენზე უფრო ვერავინ დაიბრალებს, მათ შორის ოპოზიცია. პოლიტიკური ქულების დაწერა ცოტა გამაღიზიანებელია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ ამ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

big_banner
არქივი