logo_geo
გიორგი გახარია: პოლიცია თავს ვერავის ვერ დაესხმებოდნენ, ვინაიდან პარლამენტის შენობას და ერთმანეთს იცავდნენ
- +

27 ივნისი. 2019. 21:02

 

 

„კანონით აკრძალული არც ერთი ტყვია 20 ივნისს გამოყენებული არ ყოფილა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავსი ღონისძიების დროს გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველა სახის აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევაც შესაბამის შედეგებს იწვევს. ეს გამოძიების საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება იმას, საჭირო იყო თუ არა ამ ტყვიების გამოყენება, ეს არის უკვე ამ ღონისძიების მიმდინარეობის თემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აქცია 19:00 საათიდან 22:00 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი.

 

„საერთოდ არანაირი პრობლემა იქ არ არსებობდა, სანამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის პირდაპირი მოწოდებები არ გაისმა, რაც შემდგომ იყო განხორციელებული. ამ აქციაში ძალიან ბევრი რიგითი მშვიდობიანი მოქალაქე მონაწილეობდა, დასაწყისში ეს მართლაც ასე იყო. შემდეგ ეს გადაიზარდა ჯგუფურად, შეთანხმებით, პოლიციაზე თავდასხმაში პარლამენტის შენობის შტურმის და სხდომათა დარბაზის აღების მიზნით. როდესაც ეს ნათელი გახდა, პოლიცია გახდა იძულებული, შეესრულებინა თავისი ფუნქცია, რომელიც კონსტიტუციის, ინსტიტუტების და მოქალაქეების დაცვას გულისხმობს. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე.

 

ფაქტი ერთია: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება გამოიყენონ სპეციალური საშუალებები: ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. სამწუხაროდ, იძულებული გავხდით, ეს გამოგვეყენებინა. კორდონიდან გატაცებული იყო 30 პოლიციელი. ღამის 2 საათამდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი. ისინი თავს ვერავის ვერ დაესხმებოდნენ, ვინაიდან პარლამენტის შენობას და ერთმანეთს იცავდნენ“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი