logo_geo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად შენარჩუნება
- +

3 ივლისი. 2019. 15:54

 

 

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის, ამ მონაპოვარის ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულად შენარჩუნება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა  ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაექსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს უვიზო მიმოსვლა წარმოადგენდა. ევროკავშირის წარმომადგენლები ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობის იმპლემენტაციას გაეცნენ.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, შეჩერების მექანიზმის გამოყენების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

 

„განვიხილეთ კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მონაპოვარის სრულად შენარჩუნება. ჩვენ მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ, რომ რამე დამატებითი კითხვები, დამატებითი საკითხი არ გაჩნდეს, რომელმაც შესაძლოა,  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ჩვენ წინმსწრებად, პრევენციულად ვართ კონსულტაციის რეჟიმში. ექსპერტებთან გვქონდა შეხვედრა, რომ მუდმივი დიალოგის პროცესში ვიყოთ ჩვენი კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ არ განგვიხილავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება-არ შეჩერების საკითხი, თუმცა, პრევენციულად ჩვენ ვართ მუდმივ დიალოგში, რათა ამას არანაირი საფრთხე არ შეექმნას და წინმსწრებად გვქონდეს მუდმივი კონსულტაციები“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

თბილისს  სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაექსის“ წარმომადგენლები სტუმრობენ.

 

 

big_banner
არქივი