logo_geo
მალხაზ თოფურია: სიყვარულით არჩეულებმა რა გვაკადრეს და გაბოროტებული მელიები რომ შემოცვივდებოდნენ, რა მოხდებოდა, წარმოიდგინეთ
- +

3 ივლისი. 2019. 16:07

 

 

„სიყვარულით არჩეულებმა რა გვაკადრეს და გაბოროტებული მელიები და ტურები რომ შემოცვივდებოდნენ, რა მოხდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ“, – ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „პირისპირ“ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალგაზრდების პროტესტი გასაგებია, მაგრამ „სათუთი გონებით“ მანიპულირება ადვილია, რაც, მისივე შეფასებით, კარგად გამოსდის სხვადასხვა დაინტერესებულ პირს.

 

„ვწუხვარ, რომ საქართველოში ანალიტიკური სამსახურები არ არსებობს და ზაქარია ქუცნაშვილის ინტელექტზე იყო დამყარებული, რუსი დეპუტატი შემოვიდოდა თუ არა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა – საქართველოს სიწმინდე კობახიძის სკამი ვერ იქნება, ეს მიზეზი იყო. უმრავლესობის წევრებიც აცხადებდნენ, რომ ჩვენ გულზე შემოგვეყარაო. უკაცრავად, მაგრამ 2008 წელს რომ დახოცილი ბიჭები ეყარა, მაშინ ცეკვა-თამაში იყო გამართული. გულზე შემოსაყრელი რა არის, ვიღაც გარეწარი გავრილოვი, რომელიღაც ტენდერში მოგებულ ღორის ტყავგადაკრულ სკამზე რომ დაჯდა?! ესაა საქართველოს ტრაგედია? ამდენი ტრაგედიის შემდეგ ეს ყალბია.

 

​მე ჩემი თავი დავაყენე იმ ბავშვების ადგილას, ალბათ, მეც ეს წვეთ-წვეთობით მოწოდებული შხამი სურვილს გამიმძაფრებდა, რომ სამშობლო დამეცვა. სათუთ გონებაზე მანიპულირება ძალიან ადვილია და ეს ყველაზე მეტად შეუძლიათ ამ გარეწრებს.

 

​მაშინდელი ვეტერანების პროტესტის მიზეზი რა იყო, ვერ გაიგეს, დაღუპული მეომრების სურათები სანაგვიდან ამოვიღეთ, რომელიც სააკაშვილმა გადაყარა.

 

​გავრილოვი მეზიზღება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ყურების მაგივრად ამ ახალგაზრდებს „სტუმარ-მასპინძელი“ მაინც უნდა ჰქონდეთ წაკითხული. ის მაინც ეცოდინებოდათ, როგორ ემოქმედათ. გადატრიალებაზე ცალსახად უნდა შევთანხმდეთ, რომ მელია პარლამენტში რომ შესულიყო, „ჩაისაც დალევდა“ და მივიღებდით აბსოლუტურად საშინელ რეალობას, რაც იმ 9 წელს იყო. სიყვარულით არჩეულებმა რა გვაკადრეს, და გაბოროტებული მელიები და ტურები რომ შემოცვივდებოდნენ, რა მოხდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ.

 

აქამდე მანქანების გადატრიალება და საკუთარი ქალაქის ლეწვა ახალგაზრდებში არ იყო. სხვათა შორის, თბილისს ზარბაზანს ვინც ესროდა, აქციაზე გვერდზე უდგათ. ზოგიერთი რომ ამბობს, დაგვემუქრნენო, თქვენ უნდა გენახათ, მე რაებს მწერდნენ „ნაცმოძრაობის“ დროს“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

 

ვეტერანი ლგბტ-თემის წარმომადგენლების აქციებსაც გამოეხმაურა.

 

„მინდა, ლგბტ-თემის წევრებს მივმართო – „ნაცმოძრაობის“ დროს რატომ ვერ მართავდით აქციებს, მაშინ ერთი მიზანი გქონდათ – ვინმე საწოლში შეგეთრიათ და კომპრომატი გქონოდათ. არ იყავით ადამიანები“, – აღნიშნა ვეტერანმა.

 

 

big_banner
არქივი