logo_geo
საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-19 ჯგუფი იწყებს მუშაობას
- +

5 ივლისი. 2019. 10:47

 

 

„მშვიდობის კორპუსი განაგრძობს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას და 5 ივლისს 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონიას მართავს“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მოხალისეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 12:00-დან 13:30 საათამდე. ცერემონიას დაესწრებიან: ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ამერიკის საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები.

 

საელჩოს ცნობით, ეს მოხალისეთა მეცხრამეტე ჯგუფია, რომელიც საქართველოში იმსახურებს.

 

მოხალისეებს შორისაა ინგლისური ენის პროგრამის 34 და ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამის რვა მოხალისე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 11-კვირიანი წინასამსახურებრივი ტრენინგი. ტრენინგი მოიცავდა ქართული ენისა და კულტურის სწავლებას, სამსახურთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ინტეგრაციისა და ადაპტაციის მიზნით მოხალისეები ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ ხაშურისა და ქარელის რაიონებში. ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის ათ რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს. ეს რეგიონებია: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, და სამცხე-ჯავახეთი.

 

„მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოქმედებს საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევით და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების ჩამოყვანას, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც ქართველებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში დაიწყო 2001 წელს და მას შემდეგ სხვადასხვა თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა ქართველ ხალხთან ერთად.

 

მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ 1961 წლის 1 მარტის ბრძანებულებით მშვიდობის კორპუსი დააარსა, 235 000-ზე მეტმა ამერიკელმა იმსახურა 141 მასპინძელ ქვეყანაში. დღეს  7000 -ზე მეტი მოხალისე მუშაობს ადგილობრივ თემებთან 62 ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური გაძლიერების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე. მშვიდობის კორპუსის მოხალისეებად მიიღებიან მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები და მშვიდობის კორპუსში მოხალისეობა 27 თვეს გრძელდება. ორგანიზაციის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის დანერგვას და უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ამერიკელებსა და სხვა ქვეყნის ხალხებს შორის“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი