logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: ევროკავშირთან თანამშრომლობა ეხმარება ქვეყანას, რომელსაც სურვილი გააჩნია, იყოს დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი
- +

11 ივლისი. 2019. 17:08

 

„საქართველომ მრავალი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილიყო დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი, ევროკავშირთან თანამშრომლობა რეალურად ეხმარება ქვეყანას, რომელსაც სურვილი გააჩნია, იყოს დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „აღმოსავლეთ პარტნიორობა“-სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ განაცხადა.

 

ჩუგოშვილის შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა თანამშრომლობა ქვეყანას აძლევს უზარმაზარ ღირებულებას; დამატებით მოტივაციას მაღალი დონის კონსულტაციებით, ტექნიკური მხარდაჭერით; ყველა ტიპის ელემენტს, რომელიც ქვეყანას ეხმარება, იყოს ეფექტიანი და წარმატებული აღნიშნული ტრანსფორმაციის გზაზე.

 

„არ მინდა იმ მექანიზმების დეტალებში ჩაღრმავება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არსებობს, ისინი ნამდვილად ბევრია, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება, სამოქმედო გეგმა, უვიზო მიმოსვლა. ყველა ამ სამოქმედო გეგმას გააჩნია სოლიდური ნაწილი, რომელიც მიმართულია დემოკრატიაზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე. ჩვენი მისწრაფებების, მიღწევების თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეხმარება, გააუმჯობესოს სხვადასხვა კუთხე დემოკრატიის გამყარებაზე მუშაობისას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველო დღეს ყველა საერთაშორისო შეფასების ინდიკატორით, რეიტინგშია როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

 

„თუკი შევადარებთ, სად ვიყავით შვიდი წლის წინ, სად ვიყავით 10 წლის წინ, ჩვენ წინ მივიწევთ ისეთ კომპონენტებში როგორიცაა, კანონის უზენაესობა, პრესის თავისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება.

ჩვენ არ გვინდა, გვადარებდნენ მხოლოდ რეგიონს, არამედ სურვილი გვაქვს გვადარებდნენ წევრ ქვეყნებს. ზოგიერთ საკითხებში, მაგალითად, ანტიკორუფციულ სფეროში, მასმედიის თავისუფლებაში, ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ზოგიერთ წევრ ან კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს აღნიშნული წარმატება გააჩნია და ევროკავშირმაც თავისი როლი ითამაშა, მაგრამ იმის მიღმა, რასაც ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენ ბევრი გვაქვს გაკეთებული. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ის რელევანტური საკითხები, რომლის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკაში, ეს გახლავთ მთლიანი ცვლილება პოლიტიკური სისტემის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემის, რომელიც მოახდენს ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ერთპარტიული დომინანტიდან პლურალისტულ წარმომადგენლობამდე პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისი თქმით, ამას არ მოითხოვდნენ ევროკავშირიდან, ამას ითხოვდნენ საქართველოს მოქალაქეები.

 

 

 

big_banner
არქივი