logo_geo
გიორგი გახარია: მე არ მაქვს უფლება კომპრომისების ძებნა დავიწყო
- +

11 ივლისი. 2019. 22:36

 

 

„როდესაც ხდება შტურმი და ფიზიკური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, მე არ მაქვს უფლება, არჩევანი გავიაზრო კიდეც, ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

მინისტრის თქმით, მას არ აქვს უფლება, ასეთ დროს დაუშვას კომპრომისი.

 

„მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როდესაც არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ თქვენგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, მე არ მაქვს უფლება, არჩევანი გავიაზრო კიდეც, როდესაც ხდება შტურმი და ფიზიკური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე ან აზრად გავივლო, რომ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით, ასევე იმისთვის, რომ არ დამიძახონ ის, რასაც მეძახიან, კომპრომისების ძებნა დავიწყო. არ დავიწყებ და არ გავაკეთებ ამას“, -განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობას არამხოლოდ თავად, არამედ თითოეული პოლიციელი ატარებს.

 

„ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც მარტო მე კი არ ვატარებ, ის თითოეული პოლიციელი ატარებს, რომელმაც ღირსეულად, კიდევ ვიმეორებ, ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის, იყო გადაცდომები. ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგიტიმაციის მცდელობა, რომელიც დღეს საყოველთაო გახდა, თითოეული პოლიციელის პირდაპირი ბულინგი, კომპლექსს ვერ შეგვიქმნის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი