logo_geo
არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა
- +

20 ივლისი. 2019. 11:17

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

 

ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ატლანტიკურ საბჭოში და მსოფლიო ბანკში გამართა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, მარკ გრინთან, საქართველოს დელეგაციამ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელა, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.

 

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივები შეეხო. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება იყო განხილვის მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე.

 

მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკშიც, სადაც ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი