logo_geo
რა ქონებას ფლობდა ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ, როდესაც, მისი თქმით, ხალვაშს 7,7 მილიონი დოლარი ასესხა
- +

22 ივლისი. 2019. 00:50

 

 

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2000 წლიდან 2007 წლამდე საჯარო მოხელე იყო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა, განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 2005-2010 წლებში წლიური 10%-ით 7,7 მილიონი დოლარი ისესხა, რაც აისახა კიდეც 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტში, რომელსაც ოქრუაშვილი ნამდვილს, ხალვაში კი გაყალბებულს უწოდებს. ამ ფაქტის საფუძველზე ყოფილი მაღალჩინოსანი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ ტელევიზია არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის.

 

2005 წლამდე ერთი წლით ადრე ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში დეკლარაციას ავსებს, რომლის თანახმად მაღალჩინოსანი ოფიციალურად ფლობს 22 ათას ლარად შეფასებულ ავტომანქანას, 123 ათას ლარად შეფასებულ ბინას თბილისში და 9 000 ლარად შეფასებულ ავეჯს. ეს ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია ოქრუაშვილს 2004 წლის 30 აპრილს აქვს შევსებული.

 

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, იმავე დოკუმენტის თანახმად, ბანკ „რესპუბლიკაში“ გახსნილ VISA da VISA Electron ბარათებზე 3519 დოლარი და 986 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს ირინა გორდელაძეს კი ამავე ბანკის VISA ბარათზე 356 დოლარი ჰქონდა.

 

ნაღდი ფულის სახით დეკლარაციაში ოქრუაშვილს 5280 დოლარი და 300 ლარი, მის მეუღლეს კი 11 300 დოლარი და 450 ლარი აქვს მითითებული. ასევე ოქრუაშვილის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ის შპს „ლონდონგეიტ საქართველოს“ პარტნიორია.

 

2004 წლის 20 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ „რეფორმირებისა და განვითარების ფონდთან“ ერთი წლის ვადით გრანტის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისთვის ის ყოველთვიურად 1200 დოლარს იღებდა, რამაც დეკლარაციის შევსების მომენტამდე მას მატერიალური შედეგის სახით 7079 ლარი მოუტანა.

 

საანგარიშო წლის განმავლობაში ოქრუაშვილმა 3200 დოლარად ავტომობილი გაასხვისა, მისმა მეუღლემ კი 300 დოლარად ტელევიზორი შეიძინა. რაც შეეხება საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებულ ანაზღაურებას, სხვადასხვა პოზიციებზე ოქრუაშვილმა და მისმა მეუღლემ ერთად 32 403 ლარი გამოიმუშავეს.

 

რაც შეეხება მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურებას, საანგარიშო პერიოდში ოქრუაშვილმა მივლინების თანხების სახით 6562 ლარი, მისმა მეუღლემ კი 1671 დოლარი და 780 ლარი მიიღო.

 

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

 

ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პროკურატურას მიმართა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

 

საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის – მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?”- წერს დვალი ფეისბუქზე.

 

თავად ოქრუაშვილს ბოლო ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია.

 

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

 

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი