logo_geo
„მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი!“ - სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს
- +

27 ივლისი. 2019. 15:42

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ იმ კანონით, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ, საქართველოს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

 

„15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

 

ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი!

 

განსაკუთრებით მინდა, ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის გვერდზე.

 

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა(რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია).

 

„მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, 2019 წლის 15 აგვისტომდე უფლება აქვთ, მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. თუკი საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა მარტივი პროცედურით გაიცემა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან ერთად შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებით, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი