logo_geo
თამარ გაბუნია: სასწრაფო დახმარების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია
- +

1 აგვისტო. 2019. 16:47

 

„სამინისტროში არის რეორგანიზაცია, მათ შორის სასწრაფოშიც, ამაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია და მათ მოაწერეს განცხადებას ხელი იმის შესახებ, რომ ინფორმირებულნი არიან რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გაფრთხილებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე“, - ამის შესახებ განმარტება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის და თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააკეთა.

 

როგორც მინისტრის მოადგილე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მცდარია ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იგეგმება.

 

„რეორგანიზაციის შესახებ მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც 24 ივლისს გამოიცა. ეს ბრძანება ითვალისწინებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესს. ეს იქნება სტრუქტურული ცვლილებები, რაც სამინისტროს სისტემას მეტად მოქნილს გახდის, გაამარტივებს ანგარიშვალდებულების პროცესებს და მეტად უფრო სწრაფს და მარტივს გახდის საპასუხო ღონისძიებებს ამა თუ იმ დავალებაზე ან ზოგადად, სისტემური ხასიათის საჭიროებებზე. ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილეები, ყველა თავის საკურაციო ზონაში ვამზადებთ წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან კოორდინაციაში. 8 აგვისტოსთვის ჩვენ ეს რეკომენდაციები უნდა წარვადგინოთ მინისტრთან და შემდეგ, ერთობლივად ვიმსჯელებთ და ჩამოვყალიბდებით რა იქნება ყველაზე მისაღები და მოქნილი სტრუქტურა, რაც შედეგებთან იქნება შესაბამისობაში. აქ საუბარია შედეგებზე ორიენტირებული სისტემის სტრუქტურის ფორმირებაზე, რაც სამინისტროს ფუნქციების უკეთესად განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, რეორგანიზაცია შესაძლოა გულისხმობდეს საშტატო ერთეულის გადანაცვლებას ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში ან სხვა სახის გადანაცვლება, თუმცა არა თანამშრომლებიც სამსახურიდან გაშვებას.

 

„რაც შეეხება კონკრეტულად სასწრაფო დახმარების სამსახურს, ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არიან სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ არის სრულიად მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული წუხილი. შესაძლებელია ბრძანების ნახვა, რომ იწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც დაუკავშირდება სტრუქტურულ ცვლილებებს და შესაძლოა, მოხდეს შტატის შემცირება. შტატის შემცირება შეიძლება ნიშნავდეს რაღაც საშტატო ერთეულის გადანაცვლებას ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს კონკრეტული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. მაგალითისთვის, შესაძლოა მოხდეს გარკვეული სამმართველოების შერწყმა, გამსხვილება, მაგრამ სასწრაფოსთან მიმართებაში, სადაც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საჭიროება ადამიანური რესურსის, სადაც მუშაობს უკვე მომზადებული, კვალიფიციური პერსონალი, იქ კადრების დამატებაზე თუ ვიფიქრებთ და არც ერთ შემთხვევაში შემცირებაზე. მით უფრო, რომ სამინისტროს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა სასწრაფო-გადაუდებელი სერვისების გაუმჯობესებისთვის, როგორც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს საჭიროება გვაქვს მოვიზიდოთ მეტი რესურსი სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახურში და არა ის, რომ ვინც იქ მუშაობს და გამოცდილება აქვს მის გათავისუფლებაზე ვიფიქროთ. ეს არის საფუძველს მოკლებული შიში. ეს ალბათ, გამოიწვია იმან, რომ მივყვებით ჩვეულებრივ რეორგანიზაციის პროცედურას, ამაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია და მათ მოაწერეს განცხადებას ხელი, რომ ინფორმირებულნი არიან რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გაფრთხილებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი