logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება
- +

5 აგვისტო. 2019. 11:48

 

„თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ 2017-18 წლებში განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„2024 წელს უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა და საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე - 1 თვის წინ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით, უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა.

 

ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი; შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის. 

 

დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს:

 

კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს;

 

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

 

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც  არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება - კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;

 

უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას;

 

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული;

 

პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება;

 

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მე-6 დღისა; 

 

გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში;

 

დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი;

 

ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამ მიზნით, ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი