logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალი ესტუმრა
- +

5 აგვისტო. 2019. 17:46

 

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სტუმრად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, გენერალ-მაიორი, არმიის გენერალ-ადიუტანტი, ტომას კარდენი და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, ერთობლივი სოციალური და ჯანდაცვის პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ ამერიკელ სტუმრებს სამსახურის სტრუქტურა და ის პრობლემები გააცნო, რაც საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებლად გადასაწყვეტია. მან ყურადღება გაამახვილა ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლისა და მასთან ერთად, საქართველოს 6 საკურორტო ზონაში, სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

„ჩვენ მოხარულნი ვართ თქვენი სტუმრობით. პირველ ყოვლისა, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ამერიკელ ხალხს ტეხასის შტატში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ საერთო ბოროტებაზე, რასაც ტერორიზმი ჰქვია.

 

ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან დიდი ხნის მეგობრობა და განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს; მჯერა, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ბევრ სასიკეთოს მოუტანს ჩვენს ვეტერანებს. მადლობას ვუხდი ამერიკის ხელისუფლებას, რომელმაც შესაძლებლობა მისცა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს, რეაბილიტაცია გაევლოთ წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში. ასეთი შესაძლებლობა 90-იანი წლების საომარი მოქმედებების ვეტერანებს არ გააჩნდათ. სახელმწიფომ მათთან მიმართებაში, 27 წელი დაკარგა; 90-იანი წლების ომის ვეტერანებს, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, არანაირი რეაბილიტაციის კურსი არ გაუვლიათ; ამიტომაც მივიჩნევ, რომ ვეტერანთა ჰოსპიტლისა და სარეაბილიტაციო ცენტრების აშენება აუცილებელია, რაც დიდ სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ ქართველ ვეტერანებს, არამედ საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ყველა ჯარისკაცს. რადგან საქართველოს ამ კუთხით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს“, - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

 

„ჩვენ გვახარებს ყველა წარმატება, რასაც თქვენმა სამსახურმა ვეტერანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიაღწია და გვჯერა, თქვენი ძალისხმევით, მომავალში, კიდევ უფრო მეტს შეძლებს. ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას საქართველოს თავდაცვის ძალებთან მართლაც განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა აქვს; საქართველოში არა ერთ პროგრამას ვახორციელებთ; მომავალში უფრო მეტს ვგეგმავთ; ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, დახმარება გაგიწიოთ ვეტერანთა სოციალური მდგომარეობისა და ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მოხარულნი ვიქნებით თქვენი სტუმრობით ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიაში, სადაც თქვენ ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი გყავთ“, - აღნიშნა გენერალმა ტომას კარდენმა.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერი ორმხრივი ურთიერთობის საკითხებში, მაიორი კვენტინ დოლი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარი სერჟანტი, უფროსი მრჩეველი, მაიორი როი მარჩერტი და სამხედრო პოლიციის კაპიტანი, ედნარ ჯულიენი.

 

 

 

big_banner
არქივი