logo_geo
მამუკა არეშიძე: ამ ვითარებაში საქართველო-რუსეთს შორის არ შეიძლება არსებობდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა
- +

7 აგვისტო. 2019. 13:46

 

„ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ მიხეილ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა“, - ასე აფასებს 11 წლის შემდეგ აგვისტოს ომს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არეშიძე ამბობს, 11 წლის შემდეგაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სტაბილურად მძიმეა.

 

„ვინ დაიწყო ომი?! - ეს სპეკულანტური კითხვაა, რომელშიც ორივე მხარე სცოდავს, როგორც ის, ვინც ამ კითხვას სვამს, ასევე ისიც, ვინც ამ კითხვას ატრიალებს სხვადასხვა კონტექსტში. ჩემთვის პირადად ნათელია და ყოველთვის ამას ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. მან იცოდა, რომ რუსეთი ომის დაწყებას აპირებდა, იცოდა, რომ ხაფანგი დაგებული იყო და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი - ეს უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე ის, რომ ომი დაიწყო.

 

ჩემთვის ეს კითხვა არასდროს არსებობდა და დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში არსებული კითხვა და გაუთავებელი სპეკულაცია არის ჩემთვის და საქმეში ჩახედული სხვა ადამიანებისთვისაც მიუღებელი და უსაგნო“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

მისივე თქმით, პოლიტიკურ წრეებში და მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა სტაბილურად მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ვითარებას ესკალაციის ნიშნები არ ეტყობოდა და პირიქით, გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები და გარკვეული კომუნიკაციური ურთიერთობები შეიქმნა - ამას მაინც ვერ დავარქმევთ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენთვის მყარად არის ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დაშლას შეუწყო ხელი და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. რუსეთს საქართველოს მხოლოდ 20% არ აქვს ოკუპირებული, როგორც ამას ქართული მედია და პოლიტიკური ელიტა ამბობს, არამედ ბევრად უფრო მეტი, ვინაიდან ზღვის აკვატორიაც ოკუპირებულია. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს სტაბილურად მძიმე ვითარება, ბოლო პერიოდამდე არ შეიმჩნეოდა დამძიმების ტენდენცია, თუმცა გავრილოვის ბოლო ვიზიტმა კიდევ უარესობისკენ შეცვალა რეალობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ ვითარებაში საქართველო-რუსეთს შორის არ შეიძლება არსებობდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა“, - დასძინა არეშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი