logo_geo
დავით მათიკაშვილი: საქართველო და ქართველი ხალხი ოკუპაციას არასდროს შეეგუება
- +

7 აგვისტო. 2019. 15:02

 

„გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ცდილობს ჩვენი ოპონენტი ძალა, არამედ ამ გმირების სიცოცხლის ხარჯზე ამოისუნთქა სააკაშვილმა და სააკაშვილის რეჟიმმა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ყველაფერს გადააყოლებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ხელისუფლება და ძალაუფლება შეენარჩუნებინათ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, 11 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია, შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა სამხედრო ინტერვენცია, რასაც შედეგად ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარება“ მოჰყვა. მათიკაშვილის შეფასებით, აღნიშნულს ნაყოფიერი ნიადაგი სწორედ მაშინდელმა “მოღალატეობრივმა პოლიტიკამ” შეუქმნა.

 

„საქართველო და ქართველი ხალხი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და მანამ, ვიდრე საქართველო იარსებებს, ჩვენი ვალი და ამოცანა ქვეყნის გამთლიანება იქნება, მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული წესითა და მეთოდით.

 

ამავდროულად, დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, თუ როგორ შეიძლება უპასუხისმგებლო და შეიძლება ითქვას, შედეგობრივად მოღალატეობრივი პოლიტიკითაც შექმნა იმის ნოყიერი ნიადაგი, რომ ხელისუფლების ყველა ფასად შენარჩუნების მიზნით არ მოახდინო საკუთარი სახელმწიფო ინტერესების პრევენცია უშიშროების და უსაფრთხოების კუთხით და მისცე საშუალება რუსეთი განეხორციელებინა საუკუნოვანი ოცნება და შედეგად დამდგარიყო ის, რაც მოხდა 11 წლის წინ. ეს იყო ხელისუფლების არათუ მცდარი, არამედ შეიძლება, შედეგობრივად მას მოღალატეობრივი პოლიტიკაც დავარქვათ, რომელმაც 135 ქართული სოფლის მიტაცება და დამატებით ოკუპაცია გამოიწვია. სწორედ იგივე ხელისუფლებამ სულ რამდენიმე დღეში მხარი ევროსაბჭოს ისეთ რეზოლუციას დაუჭირა, სადაც არ იყო დადებითად წარმოდგენილი საქართველოს მხარე და ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ განცდილი დამარცხება რაოდენობრივად, რიცხობრივად, სამხედრო ძალითაც დიდ მტერთან მოენათლა ე.წ. გამარჯვებად“, - აცხადებს მათიკაშვილი.

 

მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად და პატივი მიაგოს ქვეყანამ იმ გმირებს, ვინც საკუთარ სამშობლოს თავი შესწირა.

 

 

 

big_banner
არქივი