logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 11 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედია ემატება...
- +

8 აგვისტო. 2019. 10:54

 

„ჩემი დღევანდელი მთავარი მოვალეობა მომავალზე ფიქრია, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს და ამ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს ის ძალიან მძიმე ხვედრი, რაც ნიშნავს ომს, დაღუპულებს და დაკარგულ ტერიტორიებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სტაბილურობა ვერ იქნება, ვიდრე გაყინული ოკუპირებული ტერიტორიები იარსებებს.

 

„11 წელი გავიდა და იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 11 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედია ემატება და ეს არის ის, რომ ამდენი წლის მერე ჩვენ კიდევ ვერ დავძლიეთ ოკუპაცია. ამდენად, ჩემი მთავარი, დღევანდელი მოვალეობა არის მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს, რომ ამ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს ის ძალიან მძიმე ხვედრი, რაც ნიშნავს ომს, დაღუპულებს და დაკარგულ ტერიტორიებს; მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი იმიტომ, რომ გაყინული საკითხები აუტანელია. სტაბილურობა ვერ იქნება, ვიდრე ეს გაყინული ოკუპირებული ტერიტორიები იარსებებს. ამდენად, ამაზე უნდა ვიფიქროთ, წინ უნდა ვიყუროთ. ეს არის ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, თუმცა, პირველ რიგში, ჩემი ვალი, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიფიქროთ და გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ დავძლიოთ ოკუპაცია, ქვეყანა გაერთიანდეს და წავიდეს თავის გზაზე, რომელიც არის ძალიან ნათელი და რომლის წინ არაფერი არ უნდა იდგეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი