logo_geo
არჩილ თალაკვაძე კოალიციურ მთავრობაზე: რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა
- +

12 აგვისტო. 2019. 16:12

 

 

„კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება თუ არა, როგორ ჩამოყალიბდება და რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული - ამაზე საუბარი ჯერ ადრეა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მან ისაუბრა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობის შესახებ.

 

„პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისთავად გულისხმობს იმის ალბათობას, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გავა პირველ ადგილზე, თუ შეაგროვებს საკმარის მხარდაჭერას იმისათვის, რომ უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში, შეეძლება, დააკომპლექტოს მთავრობა. ასევე, გულისხმობს იმის ალბათობას, რომ თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ვერ შეაგროვა პარლამენტში უმრავლესობა, მაშინ კოალიცია იქნება საჭირო ანუ, ეს პროპორციული არჩევნების მოდელი თავისთავად გულისხმობს ამის ალბათობას. ეს არის კომენტარი, რაც ჩვენი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა“, -აღნიშნა თალაკვაძემ.

 

მანვე კითხვაზე, თუ ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, თუ ამის საჭიროება დადგება და დაიწყო თუ არა აღნიშნულზე კონსულტაციები, უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

 

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. კოალიცია როგორ ჩამოყალიბდება და ჩამოყალიბდება თუ არა, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

თალაკვაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებზეც, რომ პროპორციული არჩევნების დროს მათ გაუჭირდებათ არსებობა და მთავრობის დაკომპლექტება.

 

„ნულოვანი ბარიერი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველა პარტიას, იქნება ეს დიდი პოლიტიკური პარტია თუ მცირე პოლიტიკური, პარტია, ექნება შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი