logo_geo
ქეთევან ბაკარაძე: 27 წლის შემდეგაც არჩევანი მხოლოდ ერთია - უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით
- +

14 აგვისტო. 2019. 15:59

 

 

„27 წლის განმავლობაში დაიბადა თაობა, რომელიც აუცილებლად შეძლებს მშვიდობით ჩასვლას სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშში და სხვა ქალაქებში, რომელსაც მაშინდელი ომის კვალი დღემდე ატყვია“, - ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთში შეირაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წლისთავს.

 

„27 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, საიდანაც ქართველების და აფხაზების ურთიერთობების ახალი მტკივნეული ათვლა დაიწყო. ძმათამკვლელ ომში ქართველებიც და აფხაზებიც სხვების მტრული და ბოროტი ჩანაფიქრის იარაღად გვაქციეს და მოუნელებელი ჭრილობა დაგვიტოვეს, რომელიც მერე - როცა ისევ ერთად ვიქნებით, ალბათ, მაინც მწარედ შეგვახსენებს თავს.

 

13 თვე და 13 დღე იბრძოდა საქართველო სეპარატისტების და დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში არავის გაუმარჯვია. სოხუმის დაცემას და მაშინდელ დამარცხებას კი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 300 000 ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა. რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დაცემული ქალაქიდან გამოღწევას...

 

ახლა შორს არის ჩვენგან აფხაზეთი, ოკუპირებულია, როგორც ჩვენთვის, ასევე აფხაზებისთვის, მაგრამ თითოეულს იქაური ზღვის სურნელი მაინც თან დასდევს. 27 წლის განმავლობაში დაიბადა თაობა, რომელიც აუცილებლად შეძლებს მშვიდობით ჩასვლას სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშში და სხვა ქალაქებში, რომელსაც 27 წლის წინანდელი ომის კვალი დღემდე ატყვია.

 

27 წლის წინ იყო გმირობა და მარცხიც, რომელიც საერთო გამარჯვებად უნდა იქცეს. გმირია ყველა, ვინც 403 დღე იბრძოდა საკუთარი სიმართლისთვის, ვინც დაიღუპა და გადარჩა ამ ომში.

 

27 წლის შემდეგაც არჩევანი მხოლოდ ერთია - უნდა დავბრუნდეთ და  ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად!“, - წერს მინისტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.

 

სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

შეიარაღებულ კონფლიქტს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

 

 

big_banner
არქივი