logo_geo
გიორგი ვოლსკი: კობი-გუდაურის მაგისტრალზე სააკაშვილის განცხადება დაბალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ტყუილია
- +

15 აგვისტო. 2019. 15:06

 

 

„სამხედრო წარმატება თუ წარუმატებლობა გვირაბის არსებობა-არარსებობით რომ წყდებოდეს, მიხეილ სააკაშვილს ასეთი სულელური თეორია შეიძლება შევთავაზოთ: მტერი გვირაბში რომ შემოვა, აქეთა მხრიდან კედელს ამოვუშენებთ და გვირაბში, როგორც სათაგურში, მოვამწყვდევთ - რას იტყვის ის ასეთ სამხედრო გადაწყვეტაზე?!“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით.

როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ კონტექსტში პარალელის როკის გვირაბთან გავლება არასწორია. დეპუტატის თქმით, პატარა საქართველოს ის სამხედრო რესურსი არ გააჩნია, რომ თავი დაიცვას იმ შემოტევისგან, რაც დასაშვებად ყოველთვის უნდა ჰქონდეს მხედველობაში, მაგრამ ის, რომ გვირაბია მთავარი პრობლემა და სამხედრო წარმატებისა თუ წარუმატებლობის მთავარი ფაქტორი, დაბალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ტყუილია.

 

„მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს და შეცდომაში შეიყვანოს იმ მიზნით, რომ საკუთარი გაუაზრებელი და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი პოლიტიკა გაამართლოს. ჯერ ერთი, თანამედროვე ომის პირობებში არ შეიძლება იმაზე ვიმსჯელოთ, რომ პატარა საქართველოს რუსეთის შემოტევის პირობებში დაიცავს ის, რომ ვთქვათ, გაქვს წითელ ხიდთან მიწის თხრილი - ე.წ. აკოპები, როგორც თვითონ ეძახდა და ქვეყანას შემოტევისგან ეს თხრილი დაიცავს. თითქოს და, ჩვენ ეს თხრილი გავამჟღავნეთ და რუსეთმა ამ თხრილის შესახებ არ იცოდა... თითქოს და, კოსმოსიდან არ არის შესაძლებელი თხრილის გადაღება...

 

ახლა მოიგონა იმის თაობაზე, რომ თუკი საგზაო ინფრასტრუქტურას განვავითარებთ, ეს მტერს საქართველოს ტერიტორიაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი გვირაბი თუ ნებისმიერი ტრასა შეიძლება განხილულ იქნას როგორც მტრის სწრაფი გადაადგილების საშუალება. აზრი არის იმაში, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ მის ტერიტორიაზე შემოჭრა მოხდეს, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა. ახლა კი ცდილობს, რომ აბსოლუტურად არაპროფესიონალური განცხადებებით, საკუთარი მძიმე თუ დანაშაულებრივი შეცდომები საზოგადოებას სხვა კუთხიდან დაანახოს. ამასთან, საკითხავია, ეს შეცდომები იყო თუ გამიზნული ქმედებები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს „ახალი როკის გვირაბი“ უწოდა. მისი განცხადებით, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.

 

 

big_banner
არქივი