logo_geo
გიორგი ვოლსკი: თუ მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია, მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები
- +

15 აგვისტო. 2019. 18:10

 

 

 

„თუკი ტემპთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა იქნება და მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია, მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებს შეეხებოდა.

„შესაშური ინტენსივობით, ყოველ თვე, შეიძლება უფრო ხშირადაც ისმის კითხვა, რა ცვლილებებია მოსალოდნელი და ათასგვარი ჭორ-მართალი, თუ ვინ რა პოსტს დაიკავებს მთავრობაში. მთავრობა არის სტაბილური. ცვლილებები ნამდვილად მოთხოვნილია, რომ პროექტები გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს, ვიდრე დღეს. ეს მოთხოვა არის პარტიის თავმჯდომარის, ასევე საზოგადოების მხრიდან. თუკი ამ ტემპთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა იქნება და მთავრობის თავმჯდომარეს ექნება თავისი მოსაზრებები, რასაკვირველია მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ამის წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კითხვაზე, თუ კვირიკაშვილი „Unicef“-ის კვლევის გამო გადადგა, ბახტაძე რატომ იკავებს პოსტს ლარის გაუფასურების პირობებში, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე შენელებული პროცესები იყო.

 

„თქვენ იცით, რა ხდება რეგიონში და იცით, მსოფლიოში რამდენად სერიოზული ზიანი მიადგა ჩვენი პარტნიორების ეკონომიკებს, იცით აგრეთვე იმ დესტრუქციული მოქმედებების შესახებ, რომელსაც ინტენსიურად ახორციელებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარეა ის მოთხოვნაც – სწრაფი განვითარება და მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა. ბევრი რამაა ისეთი, რაზეც შენიშვნა შეიძლება გქონდეს და ბევრი საკითხია, რომელსაც სწრაფი გადაწყვეტა სჭირდება, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლების ეფექტურობა არის იმავე დონის, რაც იყო წინა მთავრობის პირობებში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი