logo_geo
საქართველოს საგარეო უწყება: მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას...
- +

18 აგვისტო. 2019. 00:32

 

 

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში.

 

„შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო.

 

იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.

 

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

 

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

„ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.

 

მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

 

 

 

big_banner
არქივი