„მიმდინარე და 2020 წლის განმავლობაში აჭარაში ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, წლის ბოლომდე კი, რეგიონში საინვესტიციო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ლარს მიაღწევს“, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა, რომელიც დღეს ქობულეთში გაიმართა.
„ერთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ, ამოქმედებულიყო 30 გაჩერებული პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ლარზე მეტს. ამის გარდა, ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი უნდა ავიდეს სამ მილიარდ ლარზე. ეს იქნება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია რეგიონში. ჩვენ, ამ კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე, წელს და მომავალ წელს, უნდა შევქმნათ ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურისტული სეზონის პრობლემებსაც შეეხო. მისი განცხადებით, ხელისუფლებას სრულად აქვს გააზრებული სიძნელეები, რაც ტურისტულ სეზონს მოჰყვა. რიჟვაძეს იმედი აქვს, რომ თანადაფინანსების მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებს და რომელიც საბანკო დავალიანებების პროცენტების სუბსიდირებას ეხება, მნიშვნელოვნად დაეხმარება ტურიზმის სფეროს და ამ შეღავათით პირველ რიგში, ქობულეთელი მეწარმეები ისარგებლებენ.
მთავრობის გასვლით სხდომას ქობულეთში სასტუმროების მეპატრონეებიც ესწრებიან.